„ვინც მიღალატებს, მასთან ძველი ურთიერთობა და გრძნობა ვეღარ მექნება“ – სოფო ბედია

სოფო ბედია აცხადებს, რომ ვერ იტანს, როდესაც ატყუებენ და ღალატობენ, რადგან შემდეგ იმ ადამიანებთან კონტაქტის გაწყვეტა უწევს.
Sputnik
მომღერალი სოფო ბედია ფიქრობს, რომ სიყვარული, თუ ნამდვილია, არ ქრება, უბრალოდ ეტაპები აქვს: შეყვარებულობის დროს სხვა ეტაპია, ცოლქმრობის დროს – სხვა და ა.შ., თუმცა გრძნობა სულ არის. მაგრამ, რა თქმა უნდა, მას სჭირდება განახლება და მოვლა. გრძნობას ორივე მხარე უნდა გაუფრთხილდეს.

„როგორც ამბობენ ხოლმე, ყვავილი რომ არ დაჭკნეს, წყალი უნდა დაუსხაო, ასეა ამ შემთხვევაშიც“, – ამბობს სოფო.

„თბილისელებთან“ ბლიც-ინტერვიუში მომღერალი აცხადებს, რომ მისთვის უპატიებელია ტყუილი და ღალატი.

„ჩემში ბავშვობიდან ორივე დიდ აგრესიას იწვევს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს პირად ცხოვრებაში იქნება თუ ისე. ღალატი გწყინს საყვარელი ადამიანისგან და არა ვიღაც უცხოსგან. ვინც მომატყუებს ან მიღალატებს, მასთან ძველი ურთიერთობა და გრძნობა ვეღარ მექნება“, – ამბობს სოფო.

მომღერალი მეორე ქორწინებაში იმყოფება თბილისის საკრებულოს დეპუტატ მიშა მესხთან. წყვილს მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს. სოფოს უფროსი ვაჟიც ჰყავს პირველი ქორწინებიდან.