თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიციამ თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რ.მ. გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 8 სექტემბერს დააკავა. აღნიშნული საქმის ფარგლებში ასევე დანიშნულია დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები.
ახალგზარდა ქალის ცხედარი 31 ივლისს, დღის მეორე ნახევარში იპოვეს. მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, დაზიანებულ მდგომარეობაში.
„მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა – ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი კი მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების პროცესში ჩატარდა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. საქმის მოწმეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს მუხლებით „ყაჩაღობა“ და „განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით“.
დანაშაული სასჯელის სახედ 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
შანაი ბრუკი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დროებით ცხოვრობდა თბილისში. როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.
ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.