თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა თვითმმართველობის არჩევნებზე მზადაა კახა კალაძის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი.
ამაზე მეტყველებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ დედაქალაქში ჩატარებული კვლევის შედეგები.
ამ კვლევის თანახმად, კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ჩატარდეს, რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს“, რესპონდენტების 56,1%-მა არჩევანი „ქართული ოცნების“ კანდიდატზე, თბილისის მოქმედ მერ კახა კალაძეზე შეაჩერა, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს.
მეორე ადგილზეა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, რომელიც კანდიდატად რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ დაასახელა. მას გამოკითხულთა 28,3% ემხრობა.
მესამე ადგილზე კი ყოფილი პრემიერი, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარიაა, რომელმაც გამოკითხვაში 6,2% მიიღო.
დანარჩენ კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
„ხალხისთვის“ – ანა დოლიძე – 2,2%
„ლელო“ – ანა ბიბილაშვილი – 1,9%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – გიორგი ლომია – 1,3%
„მესამე ძალა“ – თამარ კეკენაძე – 0,9%
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – მიხეილ ქუმსიშვილი – 0,7%
დანარჩენი კანდიდატები – 2,4%
კვლევა 4–8 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, რომელშიც 2.975-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილება +/–3%-ია.
თვითმმართველობის, მათ შორის, თბილისის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატმა გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 50% უნდა მიიღო.