თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. სამწუხაროდ, ზოგიერთებმა დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით „ბანკებით“ დაიწყეს სირბილი, მე კი ამისთვის ახლა არ მცალია, განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ.
ასეთი პასუხი გასცა მან ჟურნალისტებს, რომლებმაც ნარკოლოგიურ ტესტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
გახარია ყოფილ თანაგუნდელსა და კონკურენტ კახა კალაძეს, მოუწოდებს, ქილებით სირბილის ნაცვლად პირდაპირ დებატებში დაუჯდეს და ქალაქისა თუ ქვეყნის განვითარების თემაზე ეპაექროს.
„ამას მოაყოლეს პროპაგანდისტული მანქანა. ვინც ამ ქალაქში დავიბადეთ, ყველამ კარგად იცის, რომ არაფერი იმალება. ამიტომ, იმის მაგივრად რომ „ბანკებით“ ვირბინოთ, ვთქვათ, რომ პირისპირ დაჯდომა არ გვინდა. ტესტთან დაკავშირებით სულ მალე ძალიან საინტერესო ინფორმაციას გაგანდობთ და პირველ რიგში, ამას გავაკეთებ ჟურნალისტების წინაშე“, — განაცხადა გახარიამ.
თავად კახა კალაძემ უკვე ჩააბარა ანალიზები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე. იგი ყველა პოზიციით „სუფთა“ აღმოჩნდა. კალაძე ანალოგიური ქმედებისკენ კონკურენტებსაც მოუწოდებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.