COVID-19 - ბოლო ცნობები

ყველა მოზარდი თუ მხოლოდ ქრონიკული პაციენტები: გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში მიიღებენ

ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ზღვარის დაწევის საკითხზე მსჯელობა როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფს მოზარდებში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებები მომდევნო კვირაში მზად ექნებათ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს თანმხლები დაავადებების მქონე მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც. საქართველოში უკვე შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 16 წლამდე მოზარდებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარეს, დასძინა მან.

„არის ქვეყნები, სადაც 12-დან 15 წლამდე ასაკის ყველა მოზარდის ვაქცინაცია ხორციელდება. ჩვენთან ეს ასაკი 16 წლიდან იწყება. თუმცა, არის დიდი ბრიტანეთის ვარიანტი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მოზარდების აცრას. ამ საკითხზე მომდევნო კვირაში ვიმსჯელებთ, შეიძლება ეტაპობრივ მიდგომაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, 12 წელს ზემოთ მოზარდებისთვის ვაქცინაცია იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცესი უკვე დაიწყო, ტარდება Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებით. ასევე ჩინეთში აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების ავტორიზაცია მიიღო Sinopharm-ის ვაქცინამ. საქართველო მოზარდების ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
დაიწყება თუ არა მოზარდების ვაქცინაცია: გაბუნიას განმარტება
იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრის, პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, ვიდრე 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სასურველია რისკ-ჯგუფში შემავალი მოზარდების ვაქცინაცია დაიწყოს. მისი აზრით, იმ მოზარდებისთვის, რომელთაც არ აქვთ ქრონიკული დაავადება და არანაირი პათოლოგია არ აღენიშნებათ, ვაქცინაცია ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივლისში იქნა მიღებული. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.405.877 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 869.483 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 30,4%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 536.394 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 18,8%. 8 სექტემბერს აიცრა 24.670 ადამიანი.