თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. თბილისში ქუჩას, სადაც ცნობილი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი დაიბადა და გაიზარდა, მისი სახელი დაერქმევა. ინფორმაციას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარდაცვლილი მომღერლის მეგობარი ზურა ხაჩიძე ავრცელებს.
როგორც მომღერალი წერს, გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო და ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას საკრებულოს დეპუტატს მიშა მესხს უხდის.
ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. ბოლო თვეების განმავლობაში მომღერალი პრაქტიკულად გონზე არ მოსულა, წონაში ძალიან დაიკლო და ბოლოს ის მხოლოდ 37 კილოგრამს იწონიდა.
ზურაბ დოიჯაშვილი 1963 წლის 17 აგვისტოს დაიბადა. პროფესიით მშენებელი იყო, თუმცა მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა.
დოიჯაშვილი არის შემსრულებელი ჰიტებისა: „მელიქიშვილის გამზირი“, „მენატრება თბილისი“, „ამოდი, მზეო“, „მიყვარს ყველაფერი ძველი“, „ფიფქის გოგონა“ და სხვ.
2020 წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) წინ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.