თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კორონავირუსი დაამარცხა და სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
„ბორჯღალოსნების“ თავკაცს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რაგბის კავშირის წევრები და მორაგბეები დახვდნენ.
ლევან მაისაშვილს კორონავირუსი ივლისის პირველ რიცხვებში სამხრეთ აფრიკაში დაუდგინდა, სადაც საქართველოს ნაკრები ტესტ–მატჩების ჩასატარებლად იმყოფებოდა. მწვრთნელთან ერთად ვირუსი რამდენიმე მორაგბესაც დაუდასტურდა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოჰანესბურგის ერთ-ერთ კლინიკაში ხანგრძლივად მკურნალობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში კრიტიკულად მძიმე იყო.
„ბორჯღალოსნების“ მთავარ მწვრთნელს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება საბოლოოდ 25 აგვისტოს დაუდგინდა.
საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მეორე ტესტ-მატჩი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში 9 ივლისს უნდა გამართულიყო, ნაკრებში კორონავირუსის გამოვლენის გამო გაუქმდა.