კითხვის ნიშნები არსებობს: რატომ არ სურთ ნარკოტესტის ჩაბარება თბილისის მერობის კანდიდატებს

თავად კალაძემ რვა სახის ნარკოტიკის მოხმარებაზე ანალიზი უკვე ჩააბარა – იგი ყველა პოზიციით „სუფთაა“.
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერობის იმ კანდიდატების პოზიცია, რომელთაც საჭიროდ არ მიაჩნიათ ნარკოტესტის ჩაბარება კითხვებს ბადებს, განაცხადა ქალაქის თავმა კახა კალაძემ.
ერთ-ერთი წინასაარჩევნო ინტერვიუს დროს კალაძემ წამოაყენა ინიციატივა, რომ თბილისის მერობის კანდიდატებმა ჩააბარონ ტესტი ნარკოტიკის მოხმარებაზე, ისე, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება.

„ქართული ოცნების" წევრებმა ტესტი ჩააბარეს, ვიდრე პარლამენტში შევიდოდნენ, გასაკვირია, რატომ არ არის მოთხოვნა მერებთან დაკავშირებით. ალბათ კითხვის ნიშნები არსებობს და ამიტომ არ აბარებენ, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავად კახა კალაძემ უკვე ჩააბარა ანალიზები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე. იგი ყველა პოზიციით „სუფთა“ აღმოჩნდა. იმავეს გაკეთების მზადყოფნა გამოხატა პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.
ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ კანდიდატებს ნარკოტიკებთან პრობლემები არა აქვთ, მაგრამ ეს მათ დღის წესრიგს არ შეესაბამება.
„ჩვენი გუნდი მზად ვართ ჩავაბაროთ ნებისმიერი ტესტი, ადამიანების და ქალაქის წინაშე, ხოლო რაც შეეხება კალაძის და გახარიას ამ ურთიერთგადალაპარაკების პოლიტიკას, ჯობს დაასრულონ, რადგან გახარიამ ვერ ჩააბარა მთავარი ტესტი – პანდემიის პირობებში ვერ მართა ვერც ერთი პროცესი, ხოლო კალაძემ ვერ ჩააბარა მთავარი ტესტი თბილისის წინაშე“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა.
„სუფთა ვარ": კალაძემ ნარკოტესტის პასუხი გაასაჯაროვა
„მესამე ძალის“ პლატფორმის კანდიდატმა კალაძის იდეას „პოპულისტური“ უწოდა და განაცხადა, რომ ის ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და მის პოპულარიზაციას ეწევა.
„ვაპირებ ტესტი ჩავაბარო, მაგრამ მას შემდეგ, თუ მოქალაქეები ამირჩევენ. ეს არის ვალდებულება, რასაც კანონი ყველა საჯარო მოხელეს ავალდებულებს“, – აღნიშნა კეკენაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.