ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე 8-9 სექტემბერს ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, აღნიშნული გზის 143-ე კილომეტრზე წინა დღეებში მოსული ნალექის გამო გზაზე არსებული წყალგამტარი მილი ამოივსო და ვერ ატარებს წყალს.
„აღნიშნული მილის გაწმენდის ღონისძიებების გამო, ამ მონაკვეთზე 8 სექტემბრის 18:00 საათიდან 9 სექტემბრის 08:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზაზე.