თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე რისკ-ჯგუფში შემავალ პაციენტებს შეუძლიათ ვაქცინაციისთვის მოგვმართონ, განაცხადა იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრმა თემურ მიქელაძემ ჟურნალისტებთან.
მიქელაძის თქმით, იმ მოზარდებისთვის, რომელთაც არ აქვთ ქრონიკული დაავადება და არანაირი პათოლოგია არ აღენიშნებათ, ვაქცინაცია ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი.
„ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ განსაკუთრებით რისკ-ჯგუფში შემავალ ბავშვებს ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. ჩემი მიმართვით ქრონიკული დაავადების მქონე 12 და 15 წლის რამდენიმე ბავშვი უკვე აიცრა. მათ ვაქცინაცია ნორმალურად გადაიტანეს, ერთ-ერთი მათგანი შემდეგ დაინფიცირდა კიდეც და ვირუსი მსუბუქი ფორმით გადაიტანა“, – განაცხადა მიქელაძემ.
როგორც ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, 12 წელს ზემოთ მოზარდებისთვის ვაქცინაცია იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცესი უკვე დაიწყო, ტარდება Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებით. ასევე ჩინეთში აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების ავტორიზაცია მიიღო Sinopharm-ის ვაქცინამ. საქართველო მოზარდების ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.366.678 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 347.234 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 30,0%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 509.722 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 17,8%. 7 სექტემბერს აიცრა 27.011 ადამიანი.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 60-70% უნდა აიცრას.