თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო COVID-19-ით ინფიცირებით მთლიანობაში პლატოზე გავიდა, მაგრამ მის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული მდგომარეობაა, განაცხადა ჯანმოს საგანგებო დაავადებათა ქვედანაყოფის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკჰოვემ.
„„მსოფლიოს მასშტაბით დაავადებების რაოდენობით პლატოს მივაღწიეთ, მაგრამ ეს პლატო მაღალ დონეზეა. ყოველკვირეულად ცნობილი ხდება ინფიცირების 4,4-4,5 მლნ ახალი შემთხვევის შესახებ. ეს მაჩვენებელი მსოფლიოში რეალურად დაავადებულთა რაოდენობაზე ნაკლებია. ამასთან ყოველკვირეულად ცნობილი ხდება 67-68 ათასი გარდაცვლილის შესახებ“, - განმარტა მან.
ამასთან კერკჰოვემ აღნიშნა, რომ პანდემიის კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ძალიან განსხვავებული ვითარებაა. მაგალითად, ჯანმოს მონაცემებით, ბოლო კვირაში ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ახალი შემთხვევების 20%-იანი და სიკვდილიანობის 17%-იანი ზრდა შეინიშნებოდა, ევროპაში ახალი დაავადებების რაოდენობა 4%-ით შემცირდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 20%-ით გაიზარდა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ორივე მაჩვენებელმა დაიწია: ახალი შემთხვევების რაოდენობა 9%-ით შემცირდა, სიკვდილიანობისა კი — 21%-ით.
აფრიკაში ბოლო კვირაში ყველაზე დიდი დაქვეითება გამოვლინდა: ახალი შემთხვევები 34%-ით შემცირდა, ხოლო სიკვდილიანობა — 26%-ით.