თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების” მე-18 სეზონი 18 სექტემბრიდან ორი მთავარი პერსონაჟის გარეშე გავა. საუბარია „ჩიკაზე“ და „ცოტნეზე“. მსახიობები ანა ჩირაძე და გიორგი ბახუტაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის გუნდს შეუერთდნენ. ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ამბობს, რომ მსახიობების წასვლას დანაკლისად არ აღიქვამს. რაც შეეხება სერიალში მათი გმირების ჩიკასა და ცოტნეს გაუჩინარებას, მედიასაშუალებების ინფორმაციით, სიუჟეტით ჩიკა კვდება. რაც შეეხება ცოტაშვილს, ეს არის პერსონაჟი, რომელსაც სერიალში ბევრჯერ „დაემშვიდობა“ მაყურებელი, თუმცა ტრანსფორმაციის რამდენიმე ეტაპი გაიარა და ახალ-ახალი დრამით ისევ დაბრუნდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსახიობმა სერიალიდან „წასვლის ლიმიტი“ ამოწურა და მას უკან აღარ მიიღებენ.
ირაკლი საღინაძე ამბობს, რომ არც ერთი მსახიობი დანაკლისი არ არის სერიალისთვის.
„ახლა სხვა გამოწვევები გვაქვს, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად გადართული ვართ იმ მოცემულობაზე, რაც გვაქვს. არ არსებობს არც ერთი გმირი ამ სერიალში, რომლის წასვლაც შეიძლება დანაკლისად აღვიქვათ. ბევრს ეგონა, რომ მის გარეშე არაფერი აღარ განვითარდებოდა, მაგრამ განვითარდა“, – ამბობს პროდიუსერი.