თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. დედაქალაქის მოქმედმა მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში აღნიშნული ინიციატივით კალაძე თავად გამოვიდა. მისი თქმით, ყველა ევროპულ ქვეყანაში არჩევნების წინ კანდიდატები ვალდებული არიან ნარკოტესტი ჩააბარონ.
„რამდენიმე დღის წინ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე. მიღებული პასუხის თანახმად, „სუფთა“ ვარ ყველანაირად. შესაბამისად, სუფთა არჩევნები და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობაზე კანდიდატმა მინიმუმ ხუთ პრეპარატზე უნდა ჩააბაროს ტესტი – ესაა მორფინის, მარიხუანის, ამფეტამინის, მეტადონისა და ბუპრენორფინის ჯგუფები.
„ბატონ კალაძის ინიციატივით ამ ხუთ ჯგუფს დაემატა სამი კომპონენტი, კერძოდ, კოკაინი, მეტამფეტამინი და ე.წ. „ექსტაზი“. რვავე ნივთიერებაზე ამ კანდიდატის შემოწმებისას მიღებულია უარყოფითი შედეგი, ანუ ბიოლოგიური მასალა სუფთა აღმოჩნდა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა გური მენაბდიშვილმა.
კალაძემ წინასაარჩევნო მარათონში ჩართულ მერობის ყველა კანდიდატს მოუწოდა, მიბაძონ მას – ჩააბარონ ტესტი და მისი შედეგები საზოგადოებას წარმოუდგინონ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი.