თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინშია არა მხოლოდ საქართველო, არამედ გლობალური მსოფლიო, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ეს, შესაძლოა, უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას, ასევე არასაკმარისი იმუნური ფენის ჩამოყალიბებას და რეგულაციების უგულებელყოფას.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა აირიდოს ახალი ტალღის ისეთი სისწრაფით გავრცელება, როგორც ეს მოხდა გასული მეოთხე ტალღის პერიოდში.
„ის კოვიდ-რეგულაციები, რაც დაწესებულია, კიდევ დიდხანს დაგვჭირდება და ამის ალტერნატივა არ არის. მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაცია, რადგან ამ პირობებში არავაქცინირებული ადამიანი გახდება ძლიერი დარტყმის პირველი სამიზნე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებაში არავაქცინირებულთა რაოდენობა მცირე იყოს“, – განაცხადა გაბუნიამ.
ამ დროისათვის საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური“ შტამის გავრცელებას უკავშირდება, რომელიც ბავშვებსა და ახალგაზრდებში ადვილად ვრცელდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.326.033 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 845.420 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,1%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 480.613 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 15,9%. 5 სექტემბერს აიცრა 16.298 ადამიანი.