თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ინგუშეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი მომხრეა დაკავებული, რომლებიც რესპუბლიკის სამართლამდამცველ ორგანოებზე თავდასხმას ამზადებდნენ, იუწყება სააგენტო РИА Новости რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით.
„[ინგუშეთში] აღკვეთილია საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეთა საქმიანობა... დაკავებულია რუსეთის ფედერაციის ოთხი მოქალაქე, რომლებმაც ინტერნეტით დაამყარეს კონტაქტი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან თავიანთი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, რომელიც ტერორისტული დანაშაულების მომზადება-განხორციელებას, მათ შორის, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებზე თვითნაკეთი ასაფეთქებლებითა და ცივი იარაღით თავდასხმას მოიაზრებდა“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გარდა ამისა, უშიშროების სამსახური წერს, რომ დაკავებულები კოორდინატორებისგან ასევე იღებდნენ რჩევებს რუსეთის მოქალაქეებს შორის ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდის თაობაზე.
აღინიშნება, რომ დაკავებულების საცხოვრებლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, თვითნაკეთი ასაფეთქებელი და აალებადი მოწყობილობები, მათი დამზადებისთვის საჭირო კომპონენტები და ინსტრუმენტები. გარდა ამისა, აღმოჩენილია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან მიმოწერა, რაც მათ დანაშაულებრივ განზრახვას ადასტურებს.
დაკავებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის, მისთვის ხელშეწყობისა და დანაშაულის შესახებ შეუტყობინებლობის მუხლებით.