თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო, რათა საბოლოო რეკომენდაციები ჩამოყალიბდეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური“ შტამის გავრცელებას უკავშირდება, რომელიც ბავშვებსა და ახალგაზრდებში ადვილად ვრცელდება. დღეს თბილისის ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსს 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია ძალიან სერიოზული საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ჩვენი ექსპერტების ჯგუფები მსჯელობენ და მუდმივად ხდება სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და რეკომენდაციების მოძიება“, – აღნიშნა გაბუნიამ.
როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან განმარტა, მოზარდების ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. მან მაგალითად დიდი ბრიტანეთი მოიყვანა, სადაც 12-დან 16 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებშია რეკომენდებული.
„ბრიტანეთის გამოცდილების მიხედვით, 12-დან 16 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება, რამაც შესაძლოა სიცოცხლისთვის რისკები შექმნას კოვიდ-ინფექციის განვითარების შემთხვევაში. ზოგიერთი ქვეყანა კი ცრის ამ ასაკობრივი ჯგუფის ყველა მოზარდს“, – განაცხადა გაბუნიამ.
როგორც ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, 12 წელს ზემოთ მოზარდებისთვის ვაქცინაცია იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცესი უკვე დაიწყო, ტარდება Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებით. ასევე ჩინეთში ავტორიზაცია მიიღო Sinopharm-ის ვაქცინამ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებისთვის. საქართველო მოზარდების ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.326.033 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 845.420 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,1%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 480.613 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 15,9%. 5 სექტემბერს აიცრა 16.298 ადამიანი.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 60-70% უნდა აიცრას.