COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსს 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

„დელტა" შტამი ბავშვებსა და ახალგაზრდებში ადვილად ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ" შტამთან შედარებით.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსს 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა, მოზარდს თანხმლები დაავადებები ჰქონდა და იგი კლინიკაში შესვლის დღიდან ჟანგბადდამოკიდებული იყო.

„პაციენტი კლინიკაში 1 სექტემბერს შემოვიდა და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ჰქონდა თანხმლები დაავადებები: ჰიდროცეფალია, რაზეც ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე ფსიქომოტორული სფეროს დარღვევა, ცერებრალური დამბლა, ჭარბწონიანობა. თავდაპირველად ფილტვის დაზიანება იყო 13-ქულიანი, რაც შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

ამ დროისათვის ციციშვილის სახელობის კლინიკაში 150-მდე კოვიდ-ინფიცირებულია მოთავსებული, რომელთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მხოლოდ ერთი ახალშობილის მდგომარეობაა მძიმე, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური“ შტამის გავრცელებას უკავშირდება, რომელიც ბავშვებსა და ახალგაზრდებში ადვილად ვრცელდება. იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ" შტამთან შედარებით.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირების 1.120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 61 პირი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა 565 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 519 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 7.867 პაციენტი.