თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება მას შემდეგ, როგორც კი ქვეყანაში გაუმჯობესდება ეპიდსიტუაცია და სიცოცხლისთვის რისკები შემცირდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურების შემთხვევაში ასევე გაუქმდება ის კოვიდ-შეზღუდვები, რომლებიც უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით შემოიღო.
„ჩვენ დღეს ვსაუბრობდით სასიცოცხლო რისკებზე, რომლებიც უკავშირდებოდა ეპიდემიის ძალიან სწრაფად და ფართოდ გავრცელებას. როგორც კი ეს რისკები შემცირდება, რისი მოლოდინიც მომდევნო დღეების განმავლობაში გვაქვს, აღდგება ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირება. გვესმის, რომ სამსახურში წასასვლელად საზოგადოებას სჭირდება ტრანსპორტი, სკოლების გახსნა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ გასული ერთი თვე ჩვენთვის იყო უდიდესი სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით", – განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა კოვიდ-რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ. როგორც მან აღნიშნა, ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების პერიოდში მოქალაქეებისთვის გამოყოფილია სატრანსპორტო საშუალებები, რათა მათ თავისუფლად შეძლონ ვაქცინაციის ცენტრებამდე მისვლა.
„მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტი დღეს არ მუშაობს, მოქალაქეებს ემსახურება ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებები. გარდა ამისა, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მოძრაობენ სპეციალური ავტობუსები, სადაც შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება. ჩვენი ინფორმაციით, მოძრავ ამცრელ ცენტრებში დღეში 70-დან 100-მდე მოქალაქის აცრა ხორციელდება“, – აღნიშნა გაბუნიამ.
უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. საბჭოს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ტრანსპორტზე შეზღუდვა 4 სექტემბრამდე იყო დაწესებული.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც – მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 1.588 ინფიცირებული გარდაიცვალა. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირების 1.120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 61 პირი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა 565 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 519 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 7.867 პაციენტი.