თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოზე დაყრდნობით „პირველი არხი“ ავრცელებს.
ქართველ მეზღვაურთან ერთად ასევე გარდაცვლილია ორი თურქი მეზღვაურიც. როგორც სააგენტოში აცხადებენ, უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, არასწორად დასაწყობებული ტვირთის გამო მოხდა.
„აღნიშნულ საკითხს მართავს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი წარმომადგენლობა ესპანეთში. შესაბამისად, ინფორმირებულია ოჯახი... მიმდინარეობს ექსპერტიზა და შემდეგ მოხდება ცხედრის გადმოსვენება“, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.
ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მათი ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ესპანეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია და გადმოსვენების პროცედურებს სადაზღვევო კომპანია ახორციელებს.