თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. კერძო კლინიკებში მყოფი პატიმრები დღეიდან ოჯახის წევრებს ტელეფონით შეუფერხებლად დაუკავშირდებიან, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
კერძოდ, თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკასა და ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ყველა მსჯავრდებულს უკვე პირადად შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი ოჯახის წევრებს მიაწოდოს.
აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ეკუთვნის.
ამ ეტაპზე თბილისის სამოქალაქო კლინიკაში ხუთი სატელეფონო ჯიხური ფუნქციონირებს, ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეში კი - ოთხი.
პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის სატელეფონო ზარების განხორციელებას შესაბამისი კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ემსახურება.