თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მმართველ პარტიას აღარ აფინანსებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიმდინარე წლის დასაწყისში ივანიშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ თავის მისიას შესრულებულად მიიჩნევს და ძველებურ ცხოვრების წესს უბრუნდება.
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ მიიღო გადაწყვეტილება და პოლიტიკიდან წავიდა. რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ იგი წყვეტს „ქართული ოცნების“ დაფინანსებასაც. ჩვენი შემოწირულობები აბსოლუტურად გამჭვირვალეა, შეგიძლიათ აიღოთ სია და კარგად შეისწავლოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება“ შემოწირულობების რაოდენობით პოლიტიკურ პარტიებს შორის პირველ ადგილზეა. ბოლო მონაცემებით, 2021 წლის 2-დან 22 აგვისტომდე პარტიამ 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
ივანიშვილის ფიგურა
ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2011 წელს დააარსა და ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად კოალიციაში 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში მოვიდა, ჩაანაცვლა რა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ახალ მთავრობას თავად ივანიშვილი ჩაუდგა სათავეში.
კოალიციის გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. თუმცა, 2018 წლის მაისში დაბრუნდა და თავის პარტიას ჩაუდგა სათავეში.
ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, სადაც წლების განმავლობაში ქველმოქმედებას ეწეოდა.