თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, სადგურის მოედანზე მდებარე მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეებმა მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მერიას წერილობით მიმართეს და იჯარის განახევრება მოითხოვეს.
მოვაჭრეების თქმით, მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ხალხი ბაზრობაზე აღარ დადის, ბაზრობის ადმინისტრაცია კი ამას ანგარიშს არ უწევს და იჯარის თანხას ძველებურად ითხოვს.
აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და აქციაზე მათთან ერთად იმყოფებოდნენ ლეიბორისტული პარტიის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლაშა ჩხარტიშვილი და პარტია „დროას“ წარმომადგენელი შუშანა მაცაბერიძე.
„ვინაიდან ტრანსპორტი აკრძალულია და ხალხი აღარ გადაადგილდება, შესაბამისად, მოვაჭრეები ვერ ახდენენ საქონლის რეალიზებას და არ აქვთ შემოსავალი. ამის მიუხედავად სრულად უწევთ გადასახადების გადახდა. ვითხოვთ დედაქალის მერიისგან, მოვაჭრეებს გაუნახევრონ გადასახადები“, – განაცხადა „დროას“ წევრმა შუშანა მაცაბერიძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პანდემიის პერიოდში მერია ყველა მოიჯარეს დაეხმარა და ისინი ან საერთოდ არ იხდიდნენ გადასახადს, ან ის განახევრებული იყო, და ეს, რა თქმა უნდა, ვრცელდება ქვემოიჯარეებზეც. ანუ, მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტის შეღავათებით უნდა ისარგებლონ მათაც, ვისზეც მოიჯარე ფართს აქირავებს.
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთვევაში მოვაჭრეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.