COVID-19 - ბოლო ცნობები

როდიდან დაიწყება თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება

თბილისში 185 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც გასულ წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება 15 სექტემბრიდან დაიწყება, განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.
სოციალური პროექტის განახლების გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა სააღმზრდელო პროცესის 4 ოქტომბრამდე გადადების გამო მიიღო.
„ჩვენ მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი შარშან, 19 სექტემბრიდან დავიწყეთ და ყოველთვის, როცა ჩერდებოდა სააღმზრდელო პროცესი, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნობათი აღსაზრდელებს ურიგდებოდა. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი ამჯერადაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ათიათასობით აღსაზრდელის ოჯახისთვის“, – განაცხადა გვანცელაძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება
მისი განმარტებით, პროდუქტების გაცემისას საბავშვო ბაღებში დაცული იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები.
დარიგდება ათი დასახელების პროდუქტი: შაქარი, ფქვილი, შვრია, მაკარონი, ხილფაფა, ზეთი, კვერცხი, ჩაი, ყველი და რძე.
როგორც წესი, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი საქართველოში 15 სექტემბრისთვის იწყება, მაგრამ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სწავლის დაწყება საბავშვო ბაღებში ჯერჯერობით 4 ოქტომბრამდე გადაიდო.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 3.034 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კი დაავადებულთა რაოდენობამ 559 ათასს გადააჭარბა.