COVID-19 - ბოლო ცნობები

ირაკლი ღარიბაშვილმა კოვიდ-ბარათი აიღო

კოვიდ-ბარათზე დატანილია პირის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR–კვლევის შესახებ ინფორმაცია.
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათები აიღეს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდ-ბარათების გაცემა 17 აგვისტოდან დაიწყო. ბარათის აღება მოქალაქეებისთვის უფასოა. დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით უწყების ყველა ფილიალშია შესაძლებელი.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სერვისის დანერგვიდან დღემდე იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ 25 ათასი კოვიდ-ბარათია გაცემული.
კოვიდ-ბარათზე პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR–კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR–კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული.
საქართველოში კოვიდ-ბარათების გაცემა იწყება: რა საბუთებია საჭირო ამისთვის
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი აგრეთვე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.
კოვიდ-ბარათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა, მომსახურების მიღება კი ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.259.391 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 822.297 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,8%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 437.094 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 15,3%.