თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. Pfizer-ით აცრა დაინფიცირების რისკს თითქმის 25-ჯერ, ხოლო გარდაცვალების შესაძლებლობას 200-ჯერ ამცირებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ დაამატა, აცრილიდან აცრილ პირზე ვირუსის გადადების შანსი ძალიან დაბალია.
„ერთხელ აცრილებში 5.000 შემთხვევაა, ხოლო ორჯერ აცრილებში დაახლოებით 4.000 შემთხვევაა ინფიცირების, მაგრამ უმრავლესობა ორჯერ აცრილებში იყო ძალიან მსუბუქი. სამწუხაროდ, გვაქვს სამი გარდაცვალება ორჯერ აცრილებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მხოლოდ აცრა გადაარჩენს ათასობით ადამიანს. მან პოლიტიკოსებსაც სთხოვა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდონ.
„დღეს, წინასაარჩევნო კამპანიაში, ამ ერთი თვის განმავლობაში მთავარი სლოგანი უნდა იყოს – „ყველა უნდა ავიცრათ“. აცრა გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და აცრაზე გადის ქვეყნის განვითარების მთავარი გზა. ყველა იმ ადამიანის ბანერს, რომელიც დღეს გამოკრულია, მივაწერდი – „ერთად წავიდეთ და ავიცრათ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც – მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 1.588 ინფიცირებული გარდაიცვალა.
სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია1.259.391 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 822.297 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,8%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 437.094 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 15,3%.