თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ძლიერი ქარის გამო თბილისში, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე ხეები წაიქცა და მანქანები დაზიანდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ყაზბეგის გამზირზე შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე ხის წაქცევის გამო გარე განათებაც დაზიანდა.
ძლიერმა ქარმა ხეები მოთხარა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროს სადგურ „დელისთან“. წაქცეული ხეები ავტომობილებს დაეცა და დააზიანა.
სტიქიას ებრძვიან აჭარაშიც. უხვი ნალექის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში რამდენიმე ადგილზე მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა, ელექტროგადამცემი ბოძები, ორი ოჯახი კი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
სინოპტიკოსები 2-3 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა.