თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოდან კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს ეროვნული კინოცენტრი 2021 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის 17:00 საათამდე მიიღებს. წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოდან კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენს.
კომისიის წევრებისთვის საკვალიფიკაციო ფილმების ჩვენება იგეგმება ოქტომბრის დასაწყისში. კანდიდატი ფილმის სახელი კი ცნობილი გახდება 2021 წლის 10 ოქტომბრამდე.
განაცხადის დასარეგისტრირებლად ფილმი რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. მათ შორის, 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე 7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში ან კომერციულ ოლნაინ-პლატფორმაზე; ასევე უნდა ჰქონდეს კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, ტრეილერი); შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები.
კინოცენტრის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2021 წლის 31 დეკემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე.
იმ შემთხვევაში კი, თუ ფილმის პრემიერა იგეგმებოდა საქართველოს რომელიმე კინოთეატრში 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე, მაგრამ ის არ შედგა მსოფლიო პანდემიით გამოწვეული პრობლემის (კინოთეატრების დახურვის) გამო, შესაძლებელია ფილმის მინიმუმ 7-დღიანი უწყვეტი დისტრიბუცია განხორციელებული ყოფილიყო რომელიმე კომერციულ ონლაინ-პლატფორმაზე. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ დისტრიბუცია არ განიხილება საქართველოში კინოთეატრების გახსნის შემდეგ პერიოდში.
ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული ფილმი ამერიკული კინოაკადემიის კომისიის წევრებს წარედგინებათ.