მსოფლიო დღეს

დადგინდა COVID-19-ის კიდევ ერთი საფრთხე: მეცნიერთა რჩევა

Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პოსტკოვიდური სინდრომის მქონე ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, რაც ავადმყოფობიდან რამდენიმე თვის შემდეგ ვლინდება — ზოგჯერ მათშიც კი, ვისაც დაავადება მსუბუქი ფორმით ჰქონდა.
კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია Journal of the American Society of Nephrology-ში.
COVID-19-ის სახიფათო კვალი: რომელი ორგანოები უნდა გაისინჯოთ განკურნების შემდეგ
ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა გამოიკვლიეს იმ ადამიანების სისხლის ანალიზები, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს და დაასკვნეს, რომ ბევრ მათგანს, ვისაც პოსტკოვიდური სინდრომი განუვითარდა, თირკმლის დაზიანება აღენიშნებოდა, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება ქრონიკულ დაავადებად გადაიქცეს.
პრობლემა ის არის, რომ თირკმლის დისფუნქციას ჩვეულებრივ არ ახლავს ტკივილი ან სხვა სიმპტომები — ადამიანების უმეტესობამ არ იცის ამ დარღვევების შესახებ მანამ, სანამ დიაგნოზს არ დაუსვამენ. თირკმელების მუშაობაში დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ სისხლის ანალიზით. ამიტომ, კვლევის ავტორების აზრით, ასეთი ანალიზი აუცილებლად უნდა შევიდეს COVID-19-სგან განკურნებული პაციენტების სკრინინგულ გამოკვლევებში.

„თუ თირკმლის მკურნალობა არ გახდება პოსტკოვიდური სინდრომის აღმოფხვრის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი, ჩვენ დავკარგავთ პოტენციურ შესაძლებლობას, დავეხმაროთ ასობით ათას ადამიანს, ვინც არ იცის, რომ ამ ვირუსის გამო მათი თირკმლების ფუნქცია გაუარესებულია“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ზიად ალ-ალი.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ-გადატანილ მრავალ ადამიანს დაავადების არასასურველი ეფექტები მწვავე ფაზის დასრულებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში რჩება. ექიმები ამ მდგომარეობას პოსტკოვიდურ სინდრომს, ან გრძელვადიან კოვიდს უწოდებენ. მისი ძირითადი სიმპტომებია სისუსტე, ქოშინი, თავისა და კუნთების ტკივილი, კოგნიტური უნარების დაქვეითება და კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები.