ღარიბაშვილი: „საუკუნის პროექტი” – ევროპის მასშტაბით გამორჩეული

რიკოთის უღელტეხილის 52-კილომეტრიან მონაკვეთზე 92 ხიდი და 53 გვირაბი შენდება, რაშიც 2 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება. შედეგად – მოქალაქეები თბილისიდან ბათუმში ჩასვლას 3 საათში შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიკოთზე აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალის უბისა–შორაპნის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
ღარიბაშვილმა წითელი ხიდისა და სარფის დამაკავშირებელი 388-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობას, რომლის ნაწილი რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთიცაა, „საუკუნის პროექტი” უწოდა.

„3 საათში გახდება შესაძლებელი თბილისიდან ბათუმში ჩასვლა. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მასშტაბურ სამუშაოებს ყველა მიმართულებით. ყველა რეგიონის მიმართულებით ვიწყებთ ახალი მაგისტრალების მშენებლობას, იქნება ეს კახეთის მაგისტრალი, სამხრეთის მონაკვეთის დასრულება თუ სხვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ არის შემადგენელი ნაწილი აღმოსავლეთი–დასავლეთის მთავარი მაგისტრალის, რომელიც იწყება ბრესტიდან და მთავრდება ჩინეთის საზღვართან. და სწორედ ეს 388-კილომეტრიანი მონაკვეთია უმნიშვნელოვანესი. „რიკოთის მსგავსი მასშტაბის და სირთულის პროექტები ქვეყანაში არ განხორციელებულა, მეტიც, ეს არის ევროპის მასშტაბით გამორჩეული პროექტი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე: მინისტრის ანგარიში
სექტემბერში რიკოთის მონაკვეთზე ახალი 2 კმ-იანი გზის მონაკვეთის გახსნა იგეგმება, რომელიც 6 ხიდსა და 3 გვირაბს მოიცავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა სრულად 2024 წელს დასრულდება.
რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მაისში დაიწყო.
COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები არ შეჩერებულა, მშენებლობაზე ამ დროისათვის 4 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა.