ფერმერებმა 6 ათას ტონაზე მეტი დასეტყვილი ყურძენი ჩააბარეს

სეტყვის შედეგად კახეთის ცალკეულ სოფლებში მოსავლის დაახლოებით 90% განადგურდა. რეგიონში სტიქიისგან დაზიანებულ ყურძენს რამდენიმე ქარხანა იბარებს.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. კახეთში ღვინის ქარხნებმა ადგილობრივი ფერმერებისგან 6,2 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენი მიიღეს და გადაამუშავეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, 27 აგვისტოდან გადამუშავებულია 4,7 ათასი ტონა „რქაწითელი“ და 1,5 ათასი ტონა „საფერავი“.
ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 150 ახალგაზრდას დაასაქმებს
კახეთის მხარეში შვიდ ლოკაციაზე სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ აგრძელებს სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღებას. ჩაბარებული მოსავლისგან ფერმერების შემოსავალი 6 მლნ ლარს აღწევს.
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4,6 ათასი ჰექტარი ვენახი. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე 10%-დან 90%-მდე მერყეობს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ კილოგრამ დაზიანებულ „რქაწითელში“ სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, „საფერავში“ კი – 1 ლარს.
საწარმოები დაზიანებულ მოსავალს ფერმერებისგან 3 სექტემბრამდე ჩაიბარებენ.
ის ფერმერები კი, რომელთა მოსავალი სრულად განადგურდა, კომპენსაციის სახით 1 ჰექტარ ფართობზე 3 ათას ლარს მიიღებენ.
გარდა ამისა, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე – 50%-ის დაფინანსებას ახდენს.