თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ლეიბორისტების აქცია თბილისის მერიასთან ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებით დამთავრდა.
აქციას თბილისის მერობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან მიხეილ ქუმსიშვილი თავის თანაპარტიელებთან ერთად ატარებდა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებას მოითხოვდა, რომელიც ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შეჩერდა.
აქციის დროს პოლიციამ ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, ვიცე-მერობის კანდიდატი მამუკა ჯუღელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავა.
ჯუღელს ბრალად ედება სამართალდამცველების შეურაცხყოფა. კერძოდ, მან ერთ-ერთ პოლიციელს „მონა“ უწოდა.
როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი მოითხოვენ ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას 4 სექტემბერს, როგორც ეს აქამდე იყო დაგეგმილი. მისი თქმით, „თუ მერ კახა კალაძეს სინდისის ნატამალი აქვს შერჩენილი, მან დღეს, საღამოს ტრანსპორტის უსაფრთხო მუშაობის განახლების გეგმა უნდა წარმოადგინოს“.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი იძულებით გამოიყვანეს მერიის შენობიდან, სადაც მერის სახელზე განცხადების დასაწერად იყვნენ შესული.
საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში არა 4 სექტემბერს, როგორც იყო დაგეგმილი, არამედ 13 სექტემბერს განახლდება.
ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მიიღეს.