თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა. უწყების ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერის მიმართულებით შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი ჯგუფები. რთული რელიეფის გამო კერებთან ვერ ხერხდება სპეციალური ტექნიკის მიყვანა. მეხანძრე-მაშველებს ფეხით გადაადგილება და ცეცხლის ქრობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევთ.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დროისთვის 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები არიან ჩართულნი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც ხანძრის კერებზე უკვე განახორციელა 18 დასხმა.
მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ხანძრის ტერიტორიაზე და აქტიურ სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებენ, აცხადებენ უწყებაში.