თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა. აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის.
კერძოდ, აღნიშნული აქცია 1 სექტემბრიდან ამოქმედდება და 1 ოქტომბერს დასრულდება.
პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან:
საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი;
არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 1 ოქტომბრამდე, უსრულდებათ 18 წელი;
მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
რეგისტრაციიდან მოხსნილი ან მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არცერთი დოკუმენტი.
დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.
აღსანიშნავია, რომ აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
გარდა ამისა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღებისას მოქმედებს მუდმივი შეღავათებიც. მოწმობის საფასურის გადახდისას შეღავათით სარგებლობენ ან საფასურის გადახდისაგან სრულად თავისუფლდებიან:
სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70.001-ს - სრულად;
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები - სრულად;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები - სრულად;
პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით - სრულად;
სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან - სრულად;
სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს - 10%-იანი შეღავათით სარგებლობენ.
აქციით სარგებლობის მსურველებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.
დანარჩენი პირებისთვის პირადობის მოწმობის აღება ფასიანია.
პირადობის მოწმობის აღების საფასური მომსახურების ვადაზეა დამოკიდებული და 30 ლარიდან 65 ლარამდე მერყეობს.
საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.