ქეთი მელუას მორიგი ჯილდო – მომღერალი ანუკი არეშიძის კაბაში

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. მომღერალი ქეთი მელუა ლეგენდარულ ჯგუფ Scorpions-თან ერთად ევროპის კულტურის ჯილდოს მფლობელი გახდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ თავად ქეთი მელუამ გაავრცელა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
დაჯილდოების ცერემონია ბონის ოპერის თეატრში გაიმართა. როგორც მომღერალი გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, ამ დღისთვის მან ანუკი არეშიძის კაბა მოირგო.
ქეთი მელუა 1984 წელს საქართველოში დაიბადა. 8 წლის ასაკში მშობლებთან ერთად ჩრდილოეთ ირლანდიაში გადასახლდა, 14 წლისა კი - ინგლისში. მისი დებიუტი 2003 წელს შედგა, როდესაც გამოვიდა მომღერლის პირველი ალბომი Call Off the Search. ალბომმა დიდი ბრიტანეთის ჩარტებში წამყვანი ადგილები დაიკავა და პირველ ხუთ თვეში 1,2 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქეთი მელუა საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 2018 წელს მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.