თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში ბოლო კვირის განმავლობაში 68 ადამიანი დაიღუპა უცნობი ვირუსული ცხელებით, იუწყება Times of India.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან 40 ბავშვია. 12 მათგანი ბოლო დღე-ღამეში დაიღუპა.
შტატის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, დაავადებულთა უმეტესობას მაღალი ტემპერატურა, გაუწყლოება და სისხლში თრომბოციტების შემცირება აღენიშნებოდა. ნაწილს კი დაავადება დენგესთვის დამახასიათებელი სიმპტომები უფიქსირდებოდა — მაღალი ტემპერატურა, თავის ძლიერი ტკივილი, კუნთების ტკივილი, გულისრევა და ლიმფური კვანძების გადიდება.
„რაიონებში შექმნილი ვითარება განგაშს იწვევს. უწყლობა, სანიტარიისა და ჰიგიენის არარსებობა დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს“, — უთხრა გაზეთს ექიმმა მანიშ ასიჯამ.
ხელისუფლების განმარტებით, გადაუღებელი წვიმებითა და სიცხეებით გამოწვეული მაღალი ტენიანობის გამო დაზარალებული რაიონები იდეალური გარემოა ინფექციური დაავადებების გასავრცელებლად, რომლებიც სისხლის მწოველ მწერებს გადააქვთ.