საქართველოში მეშახტის დღე აღინიშნება

საქართველოს ქვანახშირის მრეწველობა თითქმის 200 წლიან ისტორიას ითვლის, წელს ტყიბულის ქვანახშირის ინდუსტრიას 175 წელი უსრულდება.
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქართველ მეშახტეებს მათი პროფესიული დღე მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ მომდევნო წელს დღესასწაული უფრო გრანდიოზულად აღინიშნება, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.
საქართველოს ქვანახშირის მრეწველობა თითქმის 200 წლიან ისტორიას ითვლის, წელს ტყიბულის ქვანახშირის ინდუსტრიას 175 წელი უსრულდება. COVID-19-ის პანდემიის გამო მეშახტის დღე აღინიშნება მოკრძალებულად, საზეიმო ღონისძიებების გარეშე.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, გავუმკლავდეთ პანდემიას და მომავალ წელს უფრო გრანდიოზულად აღვნიშნავთ მეშახტის დღეს“, - განაცხადა თურნავამ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა მასობრივი ვაქცინაციის მნიშვნელობა ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში და გამოეხმაურა კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომელთა ვაქცინაციას, რომელიც, როგორც აღინიშნა, ტყიბულში ორგანიზებულად, გრაფიკის შესაბამისად განხორციელდა.
გარდა ამისა, თურნავამ კმაყოფილება გამოთქვა კომპანიის წარმატებების გამო, რომელმაც დასაქმებულებს სამუშაო პირობები გაუუმჯობესა. კერძოდ, „საქნახშირში“ ამოქმედდა პრემიების სისტემა, გაიზარდა ხელფასები, მიმდინარეობს თანამშრომლების გადამზადება და შახტების გადაიარაღება.
ტყიბულის მერმა თემურ ჩუბინიძემ მეშახტეებს მათი პროფესიული დღესასწაული დისტანციურად მიულოცა.
ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება განახლდა - მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს
„ვამაყობ თქვენით და ვაფასებ ყოველ დღეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისაკენ არის მიმართული. მისასალმებელია საწარმოში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებები, ეს შეეხება უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხს თუ თქვენი შრომის დაფასებას“, - დაწერა ჩუბინიძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook-გვერდზე.
ამჟამად ტყიბულში ორი მაღარო მუშაობს - მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი გაჩერებულია 2018 წლის ივლისიდან, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა მიზეზით იქ მუშები დაიღუპნენ.
კომპანია „საქნახშირში“ 1250 ადამიანი მუშაობს, მათგან 600 უშუალოდ მოიპოვებს ქვანახშირს.