„და იქმნა ომი სასტიკი“ - ქართველთა ავი ბედისწერა სახელად ჯალალედინი

საქართველოს ისტორია ომების ერთი გრძელი ჯაჭვია, რომლის თითოეულმა მარჭვალმა თავისი დაღი დაასვა ქვეყანას
Sputnik
ისტორიკოსები სამ შემთხვევას განიხილავენ საქართველოსთვის გარდამტეხ მომენტად, რომელთა სავალალო შედეგმა ქვეყნის ისტორია შეცვალა. მე მათ „ბედისწერა“ ვუწოდე, რომელთაგან პირველი — ეს არის ბედისწერა სახელად ჯალალ ად-დინი.
ჯალალედინის ძეგლი ურგენჩში
1225 წელს, იმ დროის აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა — საქართველო, გარნისთან ხორეზმიდან მონღოლებს გამოქცეულ ჯალალ ად-დინს დაუპირისპირდა. ამ ბრძოლაში ქართველებს დიდი დანაკლისი არ განუცდიათ(!), მაგრამ სწორედ გარნისი და ჯალალ ად-დინი ექცა საქართველოს ავ ბედისწერად — იქიდან დაიწყო უძლეველი ქვეყნის საუკუნოვანი დაღმასვლა და რღვევა.

მაშ, რა მოხდა მთიანი სომხეთის ერთ პატარა სოფელთან?

საქართველო მოუმზადებელი შეხვდა ჯალალ ად-დინის შემოსევას. რუსუდანის ტახტზე ასვლის შემდეგ საქართველოს სამეფო კარზე ორი დაჯგუფება გამოიკვეთა: ახალციხელებისა და მხარგრძელებისა. ამ უკანასკნელებისთვის ფეოდალური ანგარიშსწორება, სამწუხაროდ, ყველაზე პრიორიტეტული გამოდგა. ქართველი ჟამთააღმწერელი მიანიშნებს, როგორ გაწირა სასიკვდილოდ ივანე მხარგრძელმა ძმები ახალციხელები შურის გამო, და როგორ არ მიაშველა დამხმარე რაზმი ურიცხვი მტრის წინააღმდეგ მებრძოლებს. მაშინ მხარგრძელმა, პრაქტიკულად, საქართველო შესწირა საკუთარ პატივმოყვარეობას. თუმცა, მოდით, რიგით მივყვეთ.
ქართული სამეფო კარის თამაშები, ანუ „გარინდებული“ ლაშა-გიორგი და ყოვლისშემძლე მხარგრძელები
გარნისთან პირველი დარტყმა ქართველთა მეწინავე მესხებმა მიიღეს, რომლებსაც ივანე და შალვა ახალციხელები სარდლობდნენ. ურიცხვ მტერთან შეჭიდებულმა ძმებმა ფიცხელი ომიდან რამდენჯერმე აფრინეს ივანე ათაბაგთან მაცნე და ქართველთა ლაშქრის ძირითადი ძალების დაძვრა სთხოვეს. მაგრამ დახმარება არა და არ გამოჩნდა — გარნისის მაღლობებზე შეფენილი სამხედრო ნაწილები გაუნძრევლად იდგნენ.

უფრო მეტიც, როცა ხვარაზმელებმა მესხ მებრძოლებს ალყა შემოარტყეს, ქართულმა არმიამ, ივანე მხარგრძელის ბრძანებით, მოულოდნელად ზურგი აქცია უთანასწორო ომში შესულ თანამემამულეებს და უკან დახევა დაიწყო.
იმ ბრძოლაში 4000 მესხი ვაჟკაცი დაიღუპა, ივანე ახალციხელი კლდიდან მოწყვეტილმა ლოდმა დაიტანა, ხოლო ძმა მისი შალვა ტყვედ ჩავარდა.
ძმები მხარგრძელები – გვარის წარმომავლობა და ეროვნული კუთვნილება
და იმ ხნიდან არ წყდება დავა, თუ რატომ უღალატა ივანე მხარგრძელმა ახალციხელებს. რამდენიმე ვერსიას შორის ყველაზე სამართლიანი პირადად მე მაინც შემდეგი მგონია:

ივანე მხარგრძელი გამუდმებით იყო მოქცეული ძმის, ზაქარიას ჩრდილში. თითქმის ყველა საომარი კამპანია წააგო, ერთხელ, თავისი თავქარიანობით, ტყვედაც ჩავარდა და მაშინაც ძმამ იხსნა. თუმცა ზაქარიას სიკვდილის შემდეგ, როცა ქვეყანაში გარკვეული კრიზისი არსებობდა, ათაბაგად მაინც ივანე დაინიშნა.
და იმის შიშით, რომ ტიტული შალვა და ივანე ახალციხელებს გადაეცემოდათ და არა მის მემკვიდრეს, მათი მზაკვრულად თავიდან მოშორება გადაწყვიტა.
ივანე ათაბაგმა საკუთარი ოჯახის ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა, რასაც სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა ღალატი. თუმცა მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. ამასაც თავისი მიზეზები გააჩნდა.
ახალციხელები ლაშა-გიორგისთან დაახლოებული პირები იყვნენ, რუსუდანმა კი მხარგრძელები მიიმხრო, რადგან გავლენიანი ძმების თანადგომა მეტად სჭირდებოდა ძმიშვილის, დავით ულუს გზიდან ჩამოსაცილებლად და საკუთარი შვილის — დავით ნარინის გასამეფებლად. არც სხვა უბინძურეს ინტრიგებს მოერიდა — ღვიძლი ქალიშვილი, კონიის დედოფალი გურჯი ხათუნიც კი არ დაინდო და საკუთარი ბიძაშვილის საყვარლობა შესწამა. შედეგად, დავით ულუ კონიის გამგებელმა, გურჯი ხათუნის მეუღლე ყიას ად- დინმა დილეგში გამოამწყვდია.
შამქორის ბრძოლა: ქართველთა პომპეზური აღლუმი და ძაღლებით მოგვარებული დავა-კამათი
ამასობაში, ჯალალ ად-დინმა 1226 წელს აიღო და გაძარცვა თბილისი, მხეცურად გაჟლიტა მოსახლეობის დიდი ნაწილი. შემდეგ კი, ცოტა ხანში, ანისზე, ყარსსა და ხლათზე გაილაშქრა. ამ პერიოდში დრო იხელთეს ქართველებმა და თბილისის გათავისუფლება მოახერხეს.

არაბი ისტორიკოსი იბნ ალ-ასირი წერს, ქართველებმა თბილისი 1227 წლის თებერვალ-მარტში გაათავისუფლეს მტრისგან, მაგრამ მისი შენარჩუნება არც უცდიათ, ქალაქი გადაწვეს, იქაურობას გაერიდნენ და ჯარის შეკრება დაიწყესო.
ჟამთააღმწერელი დაწვრილებით აღწერს იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სამეფო კარზე გადაიდგა ლაშქრის შესაკრებად. მისი თქმით, ქართველთა მთავარსარდლობამ (იმ დროისათვის ივანე მხარგრძელი, სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილია) დარიალის კარიდან გადმოყვანილი ძველი მოკავშირეები — ძურძუკები, ოსები და ჩრდილოკავკასიელი მეომრები წაახმარა ქართველ მებრძოლებს. დაახლოებით 40 ათასიანი გაერთიანებული ლაშქარი ნაჭარმაგევში შეიკრიბა, საიდანაც ბოლნისს დამდგარი მტრისკენ აიღო გეზი.

ქართველთა მხარეს მებრძოლ ყივჩაღებს ჯალალედინმა დელეგაცია აწვია პურითა და მარილით... და მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა:

ყივჩაღებმა ზურგი უჩვენეს ქართველებს და ბრძოლის ველზე შეატოვეს ხვარაზმელთა ლაშქარს. გულმიცემული ხორეზმშაც მთელი ძალებით ეკვეთა ქართველთ „და იქმნა ომი სასტიკი“.

რიცხვით მცირე ქართულმა მხედრობამ თავიდან გარკვეულ წარმატებას კი მიაღწია, მაგრამ მტრის სიმრავლემ მაინც თავისი გაიტანა და „იძლივნენ სპანი მეფისანი“.

მართლაც ავი ბედისწერა გამოდგა საქართველოსთვის ჯალალ ად-დინი და მისი ურდო. ისე დაასუსტა ქვეყანა, რომ არც მონღოლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის თავი ჰქონდა ვინმეს და ლამის აღარც სურვილი.

სწორედ იქიდან დაიწყო ქართული სახელმწიფოს რღვევა — გიორგი ბრწყინვალისა და ალექსანდრე დიდის ძალისხმევით გამთლიანებული ქვეყანა მცირე სამეფო-სამთავროებად დაიშალა და ასე განაგრძო ვაინაჩრობით არსებობა...