ქორწილი „გარდენიაში“: კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო ობიექტი დროებით დაილუქა

შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები ჭარბობს.
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. შრომის ინსპექციის სამსახურმა კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო თბილისში მდებარე დეკორატიული მცენარეების ბაღი „გარდენია" 2 ათასი ლარით დააჯარიმა და ობიექტის ის ნაწილი დალუქა, სადაც ღონისძიება ჩატარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
უწყების ცნობით, გვიან ღამით დაწესებულებაში ქორწილი გადაიხადეს, რის გამოც ტერიტორიის მფლობელი გუშინ დაჯარიმდა, დღეს კი ობიექტის დალუქვის ღონისძიებები მიმდინარეობს.
თავად ობიექტის მეპატრონე ზურა შევარდნაძე, რომელიც იმავე ტერიტორიაზე ცხოვრობს, აცხადებს, რომ არანაირი ქორწილი არ ყოფილა. მისი თქმით, პირადი სტუმრები ჰყავდა 22 კაცი.
ბოლო 72 საათში კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის ხუთი ობიექტი დაილუქა, ექვსი კი დაჯარიმდა. რაც შეეხება ბოლო ორი კვირის სტატისტიკას, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ბოლო სამ დღეში კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის ხუთი ობიექტი დაილუქა
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შრომის ინსპექცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე უფლებამოსილია დაკეტოს სარიტუალო დარბაზი ან რესტორანი, ასევე აუკრძალოს მათ აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად განკუთვნილი აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება. შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით აჯარიმებს, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი ილუქება.
საქართველოში აიკრძალა ისეთი მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, სადაც ათ კაცზე მეტი მონაწილეობს. იგივე შეზღუდვა ეხება ქორწილებს, ქელეხებს და იუბილეებს. კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 22:00 საათამდე.