თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. ბოლო 72 საათში კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის 5 ობიექტი დაილუქა, 6 კი დაჯარიმდა, ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შრომის ინსპექციის სამსახურმა ზომები კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო მიიღო.
ერთ ობიექტთან მიმართებით შრომის ინსპექციამ პრევენციული დალუქვის მექანიზმი გამოიყენა. კერძოდ, ერთ-ერთი ბარი ღონისძიების გამართვამდე, დაგეგმილი გასართობი აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დალუქა.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან ხუთი იურიდიული და ერთი ფიზიკური პირია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება ბოლო ორი კვირის სტატისტიკას, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.
შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს. პროცესში ინსპექციასთან ერთად, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის, ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, ასევე, მუნიციპალური ინსპექცია, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა ჩართული.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შრომის ინსპექცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე უფლებამოსილია დაკეტოს სარიტუალო დარბაზი ან რესტორანი, ასევე აუკრძალოს მათ აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად განკუთვნილი აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება. შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით აჯარიმებს, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი ილუქება.
საქართველოში აიკრძალა ისეთი მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, სადაც ათ კაცზე მეტი მონაწილეობს. იგივე შეზღუდვა ეხება ქორწილებს, ქელეხებს და იუბილეებს. კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 22:00 საათამდე.