შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ISIS-ის ბოევიკებზე საჰაერო იერიში მიიტანა

საჰაერო დარტყმა მოყვა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად 13 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით აღმოსავლეთ ავღანეთში ნანგარხარის პროვინციაში განახორციელეს საჰაერო დარტყმა, რომლის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) ბოევიკი განადგურდა, იუწყება РИА Новости აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით.
„აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს კონტრტერორისტული ოპერაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დამგეგმავის წინააღმდეგ. უპილოტო საჰაერო დარტყმა ნანგარხარის პროვინციაში განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, მიზანი განადგურებულია... სამოქალაქო პირებს შორის დანაკარგი არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.
საჰაერო დარტყმა მოყვა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად დაიღუპა 170-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“. პენტაგონს არ დაუკონკრეტებია, უკავშირდება თუ არა ამჟამინდელი ოპერაცია მომხდარ ტერორისტულ აქტ.
პენტაგონი: აშშ ქაბულის აეროპორტზე ახალ თავდასხმებს ელოდება
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
ერთადერთი ადგილი, რომელშიც თალიბებმა შესვლა ვერ მოახერხეს − პანჯშირის პროვინციაა, სადაც იმყოფებიან რაზმები აჰმად მასუდის მეთაურობით.
ამ დროისათვის ავღანეთიდან ყველა სახმელეთო გასასვლელს თალიბები აკონტროლებენ, ხოლო ქაბულის აეროპორტი ჯერჯერობით ამერიკელი და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედროების ხელშია. ამ აეროპორტიდან ხორციელდება უცხოელებისა თუ ქვეყნიდან წასვლის მსურველი ავღანელების ევაკუაცია. თალიბები აცხადებენ, რომ არ აპირებენ 31 აგვისტოს შემდეგაც გაუხანგრძლივონ ამერიკელებს ევაკუაციის ვადა.