თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები ქაბულის აეროპორტზე, საიდანაც ხალხის ევაკუაცია ხორციელდება, ახალ თავდასხმებს ელოდება და მზადაა მათ წინააღმდეგობა გაუწიოს, განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ, იუწყება РИА Новости.
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ და მომავალში კვლავ ველოდებით თავდასხმებს“, – განაცხადა კირბიმ. როგორც მან აღნიშნა, აშშ–მ კონკრეტულად იცის თუ რა ძალები ემუქრება ქაბულის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას.
კირბის ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს თუ რამდენად არსებობს ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანის შემდეგ აშშ–ში ტერაქტების განმეორების ალბათობა.
„ქვეყნის პრეზიდენტმა (ჯო ბაიდენი) და თავდაცვის მიისტრმა (ლოიდ ოსტინმა) ნათლად გამოხატეს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ავღანეთიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ განმეორდეს თავდასხმები, როგორც ეს მოხდა 20 წლის წინ“, – განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, აშშ–ს საკმაო შესაძლებლობები აქვს საიმისოდ, რომ არ დაუშვას მსგავსი სცენარი.
ქაბულის აეროპორტთან ხუთშაბათს ორი აფეთქება მოხდა — ერთი სასტუმრო Baron-ის სიახლოვეს, სადაც უცხოელები იკრიბებოდნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები. მეორედ კი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რაზეც მოგვიანებით პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აშშ-ში კი მიაჩნიათ, რომ ამ შეტევების უკან „ვილაიათ ჰორასანი“ დგას.
მედიის ცნობით, აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 170–ს გადააჭარბა.