დღეს ვლოცულობთ ქვეყნისთვის - პატრიარქის მოსაყდრემ მორწმუნეებს მარიამობა მიულოცა

მარიამობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია, რადგან მიიჩნევა, რომ ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. დღეს ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, რათა ღვთისმშობელმა იხსნას ჩვენი სახელმწიფო, ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება ათორმეტთაგან ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებლური დღესასწაულია.
„დღეს ვლოცულობთ ქვეყნისთვის, ერისთვის, სამშობლოსთვის, მისი გაერთიანებისთვის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კალთა გადააფაროს ქვეყანას და გადაარჩინოს. რა თქმა უნდა, დღეს ვლოცულობთ სნეულთათვის“, – იქადაგა მეუფე შიომ.
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები შეიწყალა
ამ დღეს ეკლესია იხსენებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას, რომელსაც ერთდროულად თან სდევს როგორც მწუხარება, რადგან ეს არის ღვთისმშობლის ცხოვრებისეული გზის დასრულების დღე, ასევე სიხარული, რადგან ამ დღეს ის თავის ძეს შეხვდა. ეკლესიური გადმოცემით, ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში მოქადაგე მოციქულები სასწაულებრივად შეიკრიბნენ იერუსალიმში, რათა მარიამ ღვთისმშობელი დაეკრძალათ.
მარიამობა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია, რადგან მიიჩნევა, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.
ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება. საქართველოში მარიამობა უქმე დღეა.