ჩოხატაურში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია: პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ მამაკაცს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა ჩოხატაურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 22 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 25 აგვისტოს, დაბა ჩოხატაურში მოხდა. როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით ოპერატორს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული ფულის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება მუქარის გამოყენებით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.