თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ.
გუშინ 15 წლამდელთა შორის მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა (81 კგ) ექვსიდან ექვსივე ცდა გამოიყენა და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალს დაეუფლა.
მურღვლიანმა აკვრაში, ატაცსა და ორჭიდში მოიგო ოქროს მედლები, რითიც მან სამივე დისციპლინაში რეკორდი დაამყარა. მარიამმა ატაცში 85 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში 105 კილოგრამი დააფიქსირა. მურღვლიანმა ორჭიდის ჯამში მეორე ადგილოსან თურქ მეტოქეს ექვსი კილოგრამით აჯობა.
პოლონეთის ქალაქ ცეხანუვში 20 აგვისტოს დაწყებული ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის წინა დღეებში საქართველოს ნაკრების რამდენიმე ძალოსანმა იასპარეზა. პირველივე დღეს ფიცარნაგზე წარმატებით გამოვიდა ლევან ოჩიგავა (73 კგ), რომელმა ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის რეკორდიც დაამყარა. მან ატაცში 117 კილოგრამი, აკვრაში – 146, ორჭიდში კი 263 კილოგრამი დაააფიქსირა.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ასევე გიგა ოდიკაძე, რომელიც 17 წლამდელთა შორის 49 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ატაცში 117 კილოგრამი, აკვრაში – 146, ორჭიდში კი 263 კილოგრამი დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ 15 წლამდელთა შორის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე საბა ადამია. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 246 კილოგრამი დააფიქსირა. საბამ აღნიშნული შედეგით საკუთარი რეკორდი აკვრაში ცხრა, ხოლო ორჭიდში ერთი კილოგრამით გააუმჯობესა.
პოლონეთში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატი 20 აგვისტოს დაიწყო და 27 აგვისტოს დასრულდება.