თურქეთიდან შემოსული კარტოფილი „სარფის" საბაჟოდან უკან გააბრუნეს

უწყების ცნობით, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას კვლევისთვის აღებულ ნიმუშში ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. თურქეთიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით საქართველოში შემოსული 24.800 კგ კარტოფილი, მასში მავნე ორგანიზმების აღმოჩენის გამო, უკან გააბრუნეს, აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
საქართველომ თურქეთს ათეულობით ტონა დაინფიცირებული კარტოფილი დაუბრუნა
უწყების ცნობით, თურქეთიდან კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ გავლით შემოვიდა.
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას... აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.