გეგუთის ციხეში კორონავირუსი რვა პატიმარს დაუდასტურდა

გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი სხვა პირები აქტიური ტესტირების რეჟიმში გადავიდნენ. ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, განმარტა გაბუნიამ.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში რვა პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, არცერთი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმე არ არის, ხოლო ინფექციის შიდა გავრცელების რისკი გეგუთშიც და სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც მინიმუმამდეა შემცირებული.

„საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი პირი გაიტესტა რამდენჯერმე, თუმცა ორი ტესტირების შედეგად არ დადასტურდა, მხოლოდ მესამე ტესტირების შემდეგ მოხდა დიაგნოზის დადასტურება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, რვავე ინფიცირებული პირი გადაყვანილია სამოქალაქო სექტორში, სადაც მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. გაბუნიამ ასევე განმარტა, რომ ინფიცირების შემთხვევები სხვა დაწესებულებაში არ დაფიქსირებულა და მთლიანად პენიტენციურ სისტემაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
სიკვდილიანობის შემცირება ჯერ მოსალოდნელი არ არის – გაბუნიას პროგნოზი
„თანამშრომლების დიდი ნაწილი, ასევე ბრალდებულების და მსჯავრდებულების არის ვაქცინირებული ორი დოზით. ყველგან არის სიმშვიდე, არსად სხვაგან ინფექციის შემთხვევები დაფიქსირებული არ არის“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ვინ არის 24 წლის რუსთაველი ბიჭი, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 532.171-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 79 ადამიანი – ეს ანტირეკორდია, რომელიც საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა. დღემდე კორონავირუსით სულ გარდაცვლილია 7.028 პირი.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო. ამ დროისთვის სრულად, ორჯერადად ვაქცინირებულია 331.736 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 11,6%.