თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსს რუსთავში 24 წლის ახალგაზრდა ირაკლი მელიქიძე ემსხვერპლა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
ოჯახის ახლობლის ციალა მელიქიძის განცხადებით, პაციენტი თავდაპირველად ბინაში მკურნალობდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი თბილისის კლინიკა „ნიუ ვიჟენში“ გადაიყვანეს. მაგრამ ექიმებმა ახალგაზრდას გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
„7 წელია პირველი ჯგუფის ინვალიდია და შეხვდა კოვიდი. კლინიკაში გადაყვანამდე ექიმი-რეანიმოლოგი ბინაზე მართავდა მის მდგომარეობას, ანალიზებს უკეთებდა, დავუდგით ჟანგბადის აპარატი. გადაუდებელი სიტუაცია რომ შეიქმნა, სასწრაფოდ გადავიყვანეთ კლინიკაში, ორი დღე იბრძოდა“, – აცხადებს ციალა მელიქიძე.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 532.171-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 79 ადამიანი. დღემდე კორონავირუსით სულ გარდაცვლილია 7.028 პირი.