იგეგმება თუ არა საქართველოში მესამე დოზით ვაქცინაცია: ჩხაიძის განმარტება

ჩხაიძის განმარტებით, მესამე დოზაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, ახლა მთავარ ამოცანას მოსახლეობის დიდი ნაწილის ორჯერადად ვაქცინაცია წარმოადგენს.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საქართველო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენების გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში ვერ მიიღებს, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
ჩხაიძის განცხადებით, ამ ეტაპზე პრიორიტეტულია მოსახლეობის პირველი და მეორე დოზით ვაქცინაცია.

„ბუსტერ დოზა მეორე ვაქცინაციიდან 6-12 თვის შემდეგ უნდა გაკეთდეს. ჯერჯერობით ასეთი მკაფიო გადაწყვეტილება არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და არც ვაქცინის მწარმოებლის, ან რომელიმე მარეგულირებლის მიერ მიღებული არ არის. თუმცა გავიმეორებ, რომ არ გამოვრიცხავ, ეს საკითხი განვიხილოთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი ინფორმაციით, შესაძლებელია მომავალში ბუსტერ დოზა ყველა ტიპის ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში სავალდებულო გახდეს.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 24 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.010.096 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 306.151 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.924-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 523.022-ს მიაღწია.