ზელენსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დააჯილდოვა ორდენით „დამსახურებისთვის“

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით 21 აგვისტოს უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის განსამტკიცებლად მოლაპარაკებები გამართა
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დააჯილდოვა პირველი ხარისხის ორდენით „დამსახურებისთვის“, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, სლოვაკეთის და მოლდოვას პრეზიდენტები; რუმინეთის, სლოვაკეთის და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები.
ზახაროვა: „ყირიმის პლატფორმის“ მონაწილეების პოზიციებს დავაფიქსირებთ
ქართული დელეგაცია პრემიერის მეთაურობით უკრაინაში 21 აგვისტოს გაემგზავრა. უკრაინის პირველ პირებთან შეხვედრების გარდა, ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში, სადაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი იყო წარმოდგენილი.
ფორუმზე განიხილეს ყირიმზე კონტროლის დაბრუნების საკითხი.
ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამიტს უწოდა „შაბაში“, სადაც დასავლეთი „გააგრძელებს თანამედროვე უკრაინული ხელისუფლების ნეონაცისტური, რასისტული განწყობების გაღვივებას“.