თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. ამბროლაურში 22 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 20 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე ასევე დააკავეს წარსულში ნასამართლევი ორი პირი. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 21 აგვისტოს ამბროლაურში ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე ერთი პირი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. რაც შეეხება დაჭრილ მამაკაცს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს.